logo
ENG



"სტრასბურგმა რელიგიის თავისუფლების დარღვევა დაადგინა" - SJC ქობულეთის პანსიონატის საქმეზე

30 ნოე 202314:29
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, რომელმაც ევროპულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა, სტრასბურგმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება. დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლებაც.

"დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქობულეთის პანსიონატის საქმეზე, რომელიც ქართული მუსლიმი თემის უფლებების განგრძობად დარღვევას უკავშირდებოდა. ეს იყო ჰომოფობიის ძალიან მძიმე ფაქტი, რომელიც 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა მუსლიმების მხრიდან პანსიონატის გახსნას, მათ ღორი დაკლეს პანსიონატის შესასვლელთან და შემდგომში ღორის თავი ააჭედეს შენობაზე. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი აქტი იყო მუსლიმებისთვის, თუმცა ამით ეს ფაქტი არ დასრულებულა. ადგილობრივი მოსახლეობა აგრძელებდა მორიგეობას და აქციებს იმისთვის, რომ პანსიონატის მუშაობისთვის ხელი შეეშალათ.

ეს საქმე იყო ერთი ეპიზოდი, ერთი მაგალითი ზოგადად რელიგიური შეუწყნარებლობის პრაქტიკების ჯაჭვისა, რომელიც ამ წლებში ყველაზე აქტიურად ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა. ამ საქმეს ნამდვილად აქვს პოტენციალი ყველა სხვა წარსული საქმისთვის თუ მომავლისთვის", - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, თამთა მიქელაძემ ფორმულასთან საუბრისას. 

2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებდა ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო. პროტესტის ნიშნად, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს იძულების უკიდურესი და მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი ფორმა აირჩიეს და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, შენობის კარზე კი დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს.


close დახურვა